შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარახველიძემ ტიგაის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.