გასულ თვეში სახელმწიფო პოლიციამ რიგის სტრიპტიზ-კლუბის საქმიანობა შეაჩერა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. პოლიციის განცხადებით, ამ გასართობ დაწესებულებაში სუტენიურობა დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული.
კრიმინალური პოლიციის რიგის მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ, მძიმე და სერიულ დანაშაულებებთან ბრძოლის მე-4 განყოფილებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ძველ რიგაში არსებულ სტრიპტიზ-კლუბში, იგივე „ჯენტლმენთა კლუბში“, პროსტიტუციით მომსახურება არსებობდა.
გამოძიების დროს გაირკვა, რომ მეძავების საქმიანობას ორგანიზება გაუკეთა სუტენიორთა ჯგუფმა, რომელიც ოთხი ადამიანისგან, მათ შორის, ბიზნესის მფლობელებისგანაც შედგებოდა.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, პოლიციამ სუტენიურობაში ეჭვმიტანილი 1978 და 1973 წლებში დაბადებული მამაკაცები და 1977 და 1984 წლებში დაბადებული ქალები დააკავა.
პოლიციის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები კლიენტებს უცხოელ ტურისტებს შორის ეძებდნენ, მათ შორის – ქუჩაში ბუკლეტების დარიგების გზითაც, რომლითაც მათ კლუბში მისვლისკენ მოუწოდებდნენ. კლუბში მკაცრი „ფეის-კონტროლი“ მოქმედებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროსტიტუციით გამდიდრების მიზნით პიროვნების ექსპლუატაციის და ფულის გათეთრების ფაქტზე.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი სუტენიურობისთვის, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან 15 წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან 12 წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.
ოთხ დაკავებულ ეჭვმიტანილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა, ხოლო ერთს არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა.