ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად გამორიცხა ისრაელის სამხედროების მიერ ლიბანში, გაეროს დროებით ძალებზე განზრახ თავდასხმა და ბრალდებას მცდარი უწოდა. საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა მათ იერიშის შესახებ წინასწარ აცნობა. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელზე თავდასხმის დროს გაეროს დროებითი ძალების პოზიციებს იყენებს.
„ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელელი სამხედროები განზრახ დაესხნენ თავს გაეროს დროებით ძალებს ლიბანში, სრულიად მცდარია. ისრაელმა არაერთხელ სთხოვა მათ, თავი დაეღწიათ საფრთხისგან, დროებით დაეტოვებინათ საბრძოლო ზონა, რომელიც ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარეობს. იმ დღეს, როდესაც ისრაელმა ლიბანთან სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. „ჰეზბოლა“ გაეროს დროებითი ძალების პოზიციებს ისრაელზე თავდასხმის დროს იყენებს. ისრაელს კი სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.