ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს 30-დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ინტენსივობა გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.
BBC-ს ცნობით, ამ შინაარსის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის მთავრობას გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციით და აღნიშნულია, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დახმარების გადატანის მცდელობების 90%-ზე უარს ამბობს ან ხელს უშლის.
გამოცემის წყაროების ცნობით, ისრაელში წერილზე მსჯელობენ და საკითხს სერიოზულად აღიქვამენ.
წერილის შესახებ პირველად ვებ-გვერდმა Axios დაწერა. მოგვიანებით მისი შინაარსი სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაადასტურეს. დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აწერენ ხელს.