აშშ აკვირდება ისრაელის ქმედებებს ღაზის სექტორში, რათა დარწმუნდეს, რომ იქ „შიმშილის პოლიტიკა“ არ ხორციელდება, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ლინდა თომას-გრინფილდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობამ უარყო ამგვარი პოლიტიკის არსებობა და დასძინა, რომ აშშ დააკვირდება ისრაელის ქმედებებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეესაბამება ამ განცხადებას.
„ღაზაში საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. აუცილებლად უნდა იყოს ჰუმანიტარული პაუზები, რათა მოხდეს ვაქცინაციები და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
ამასთან, გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკლებობა არ არის, რადგან გასული წლის განმავლობაში მათ ერთ მილიონ ტონაზე მეტი დახმარება მიაწოდეს. დანონმა ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა.