რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მოაგვარებს. ამის შესახებ მან პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში ისაუბრა.
„მე შევხვდი ზელენსკის ამას წინათ. მაქვს კარგი ურთიერთობა როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“, – განაცხადა ტრამპმა.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო და მისი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება.
„მილიონობით ადამიანია დაღუპული, გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენ კითხულობთ“, – აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, პრეზიდენტი თვითონ რომ ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა.
„პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა. ომი არასდროს მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები