შეუძლებელია რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მსგავს კვლევებზე, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ რამდენჯერმე თუ არა, ერთხელ მაინც ახლოს არ მივა კვლევის შედეგები რეალობასთან, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა IRI-ის კვლევების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, IRI-ის კვლევის სანდოობაზე საუბარი ძნელია.
”კვლევებს რაც შეეხება, ცხადია, ნებისმიერ კვლევას ვენდობი. ჯერჯერობით ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, როცა სხვაობა, როგორც წესი, წინა კვირას ჩატარებულ კვლევასა და შემდეგ კვირაში ჩატარებულ არჩევნებს შორის 20%-ზე მეტია, სანდოობაზე მიჭირს საუბარი. ასევე ძნელია საუბარი, რომ თუ კვლევაში ასეთი დიდი ცდომილებაა ერთ პარამეტრში, იქ უკვე ვერაფერს ვამბობთ „რუსთავი2“-თან, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობს ხალხი. ყველაფერი ეჭქვეშ დგება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.