რადიკალების პოლიტიკური ფერისცვალების არავის სჯერა – არც იმის მოლოდინი ჰქონდა ვინმეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არ შეეცდებოდნენ საარჩევნო გარემოს დაზიანებას. თუმცა, ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნამ მათი ნარატივი სრულად გააბათილა, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, რადიკალებს არანაირად არ აწყობთ ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიების პოზიტიური შეფასება, ამიტომაც ირჩევენ ძალადობის გზას, რომ შექმნან ცრუ განგაში, თითქოს არჩევნებს იგებენ.
„სხვანაირად 27 ოქტომბერს, ვერ იტყვიან იმას, რისთვისაც ახლა ემზადებიან, თითქოს ვიღაც ამ შედეგების მოპარვას ცდილობს. ყველა ხედავს, რომ რადიკალებს ფაქტობრივად არ აქვთ წინასაარჩევნო კამპანია, რეალურად მათ არ აინტერესებთ ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ 27 ოქტომბრისთვის ემზადებიან, წაგება მოგებად რომ გამოაცხადონ და ეს დაუდონ საფუძვლად ქუჩაში, მორიგ წარუმატებელ გამოსვლას, რომელიც წახალისებულია მათი გარე პატრონებისგანაც. რაც აღიარა კიდევაც სალომე ზურაბიშვილმა და მეტიც, თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი ამ პროცესებს მხარს უჭერს.
ამ განცხადებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, ვციტირებ: „რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა“.
უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს.
ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება. პრობლემა ჩვენშია, ჩვენში! საინტერესოა, აღიარებენ თუ არა, რადიკალების მდიდარი „ენჯეოების“ კლანში ოდირის დასკვნას, რომ წინასაარჩევნო კამპანია არსებითი დარღვევების გარეშე მიდის.
შორენა ხვიჩია გიჩვენებთ იმ რეალობას, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერა და ვერ ეგუება. ამ რეპორტაჟიდან ასევე გაიგებთ, რა უპასუხა „ქრონიკას“ ევროკავშირი საელჩომ პაველ ჰერჩინსკის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა მტკიცებით ფორმაში“, – განაცხადა რუხაძემ.