სამშენებლო კომპანია „ანაგი“ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის – ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა.
მრავალი ადგილობრივი ასოციაციის წევრ კომპანიაში დღეს უკვე სიამაყით აცხადებენ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რაც ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებისთვისაა საჭირო, წარმატებით გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ „ანაგს“ წელს 35 წელი შეუსრულდა, ასოციაციაში გაწევრიანებით კი იმედოვნებენ, რომ კომპანია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
როგორც „ანაგის“ ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, მარიამ დვალიშვილი ამბობს, კომპანიას უკვე აქვს რესურსი, რომ ამერიკის სავაჭრო პალატის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს და ამით ასოციაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
„ანაგი“ ძალიან ბევრი ადგილობრივი ასოციაციის გამგეობის წევრია, წელს კი გადავწყვიტეთ, რომ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრიც გავხდეთ, რადგან უკვე გვაქვს რესურსი, ამ ასოციაციაშიც აქტიურად ვიყოთ ჩართულები. ეს გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, დიდი ხანია, ამ ასოციაციაში გაწევრიანება გვინდა, უბრალოდ, ეს “ანაგისთვის” საიუბილეო წელს აღსრულდა. აღნიშნული პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო კონტაქტების შეძენისა და ახალი ხალხის გაცნობის თვალსაზრისითაც. ვთვლით, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ასოციაციაში და მათი საჭიროების ნაწილში გარკვეულწილად ჩართულობას შევძლებთ. ამდენად, გვინდა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებით გავაძლიეროთ როგორც ასოციაცია, ისე „ანაგი“ და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა შედგეს.
ასე რომ, მოხარულები ვართ, რომ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები გავხდით. ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი ასოციაციაა საქართველოში, რომელიც არაერთ ბიზნეს სუბიექტს თუ სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს აერთიანებს. შესაბამისად, გვიხარია, რომ ამ ასოციაციაში გაწევრიანება შევძელით და გავიარეთ ყველა ის ნაბიჯი, რაც საჭიროა, რათა კომპანია ამ ასოციაციის წევრი გახდეს“,- განაცხადა „ანაგის“ ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, მარიამ დვალიშვილმა.