რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ 2024 წლის ცხრა თვეში ჩინეთში 23,7 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 40%-ით აღემატება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ამავე პერიოდში „გაზპრომის“ ევროპელმა შემსყიდველებმა 22,5 მილიარდი კუბური მეტრის გაზი შეისყიდეს.
„გაზპრომი“ ჩინეთში გაზის მიწოდებას გაზსადენის „ციმბირის ძალის“ მეშვეობით ზრდის, რომელიც ექსპლუატაციაში 2019 შევიდა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გატარებაა.
სააგენტოს მტკიცებით, 2027 წლამდე რუსეთი აპირებს ჩინეთში გაზის ექსპორტი ყოველ წელს 10 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამოუვარდება იმას, რა რაოდენობითაც ევროპა ყიდულობდა რუსულ გაზს უკრაინაში ომის დაწყებამდე.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ევროპის ქვეყნები რუსეთისგან წელიწადში თითქმის 70 მილიარდი კუბური მეტრის გაზს ყიდულობდნენ.