ფრანგი ფერმერები მომავალ თვეში მასშტაბური საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ფერმერების გაერთიანების, FNSEA-ს პრეზიდენტმა, არნო რუსომ განაცხადა, რომ აქციებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან გამართავენ, ზუსტი თარიღი და ფორმა კი მოგვიანებით დაზუსტდება.
როგორც ფერმერების მთავარ გაერთიანებაში განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების დადების მცდელობა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ფერმერების უკმაყოფილება.
როგორც გამოცემა წერს, ფრანგი ფერმერები შიშობენ, რომ შეთანხმება გამოიწვევს იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოდინებას, რომელიც ევროკავშირის წარმოების სტანდარტებს არ შეესაბამება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არაერთხელ გამოვიდა სავაჭრო შეთანხმების დადების წინააღმდეგ.