მხატვარ ნიკუშა შენგელაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა გონიერმა ქართველმა ხალხმა, რომელმაც ძალიან სწორედ შეაფასა ის გარემოებები, რაც ხდება საქართველოს ირგვლივ დღეს და ზოგადად, მსოფლიოშიც.
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, ეს გამარჯვება განაპირობა იმან, რომ „შესაძლებელი იყო საქართველო გამხდარიყო ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი გლობალური თამაშისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად“.
„ამას ხომ მოჰყვებოდა გაუთავებელი იქიდან განცხადებები, რჩევები, მუქარები და ჭკუის სწავლებები.
მე არ ვიცი ისინი როგორ იცნობენ ქართველ ხალხს და როგორ უყურებენ, მაგრამ ქართველ ხალხს არ უყვარს როდესაც მის ღირსებას შელახავენ, როდესაც მის სამშობლოს საფრთხე დაუდგება, როდესაც მის ფასეულობებს შეეხებიან. ეს იყო პასუხი ქართველი ხალხის ზუსტად ამაზე.
ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონები, უთხრეს მათ და ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს ქვეყანაში რა გავაკეთოთ და როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ჩვენი ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ და ვიარსებოთ, იმიტომ, რომ ასეთ პატარა ერს, როგორც ჩვენ ვართ, ეგზისტენციალური საფრთხეებმა შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, რომ გამოუსწორებელი გახდეს შემდეგ. ძალიან რეალურია საფრთხე“, – აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.