ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, ცენტრისტული მემარცხენეები 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატით ლიდერობენ. მმართველი „სამშობლოს კავშირის“ პარტია კი მეორე ადგილზეა 28 მანდატით.
სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ვილია ბლინკევიჩიუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, პარტია სავარაუდოდ კოალიციური უმრავლესობით მოვა, პარტიებთნ „ლიტვისთვის“ და „ფერმერთა და მწვანეთა კავშირთან“ ერთად.
„ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ლიეტუვის ხალხს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ – დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში თუ სოფლებში, ცვლილებები სურთ“, – აღნიშნა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და იქნება თუ არა ეს თავად ბლინკევიჩიუტე, მან უპასუხა, რომ ამ საკითხს პარტიის შიგნით განიხილავენ.
„ჩვენ ამას პარტიის შიგნით განვიხილავთ, ავწონ-დავწონით ყველა დადებით და უარყოფით მხარეს“, – აღნიშნა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 13 ოქტომბერს გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.