აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს, სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, „მინი ჩინეთი“ უწოდა.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება.
„ის (ევროკავშირი) ჩვენს მანქანებს არ ყიდულობს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ ყიდულობს, არაფერს არ ყიდულობს. ჩვენ 312 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირი მინი ჩინეთია, თუმცა, არც ისე მინი“, – აცხადებს ტრამპი.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ გასულ წელს ევროკავშირთან აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა 157,9 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 170,54 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
მანამდე კი ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან შესაძლო სავაჭრო ომისთვის უნდა მოემზადოს. 2018 წელს, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, მან საბაჟო გადასახადები შემოიღო ევროკავშირიდან შემოტანილ ფოლადსა და ალუმინზე, ასევე დაიმუქრა ევროპული მანქანების ექსპორტზე ტარიფების დაწესებით.
2024 წლის აშშ-ს საპერზიდენტო არჩევნები
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თეთრ სახლში ოვალური კაბინეტის დასაკავებლად იბრძოლებენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი (რესპუბლიკური პარტია) და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (დემოკრატიული პარტია).
19 ივლისს ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით მონაწილეობას. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მან სენატორი ჯეი დი ვენსი (ოჰაიოს შტატი) წარადგინა.
25 ივლისს კამალა ჰარისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. 2 აგვისტოს მან ოფიციალურად მიიღო დელეგატების ხმების საჭირო რაოდენობა, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. ის არის პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი პარტიის სიის სათავეში მოექცა. შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ კამალა ჰარისი ოფიციალურად დაამტკიცა თავის კანდიდატად. ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ ვალცი დაასახელა.
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტა ან შემცირება გამოიწვიოს. ასევე ვარაუდობენ, რომ ტრამპი შეეცდება, კიევი რუსეთთან არახელსაყრელი პირობებით მოლაპარაკებების გამართვაში დაარწმუნოს.