პარიზში, „შატლეს“ თეატრში, „ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
24 წლის მამარდაშვილი საუკეთესო მეკარის ჯილდოზე შემთხვევით არ წარუდგენიათ – მან ესპანეთის ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე გამოცემამ ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. ზაფხულში მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ გიორგის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონამდე გაზარდა, რაც მეკარეებში საუკეთესო მაჩვენებელია.
საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონუენ უილიამსი – გამარჯვებულად ზედიზედ მეორედ ემელიანო მარტინესი აღიარეს.
მამარდაშვილი ფინალურ ხუთეულში ვერ მოხვდა, ის მეშვიდე ადგილზე გავიდა, მაგრამ პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე იყო წარდგენილი, რაც დიდი წარმატებაა.
ღონისძიებაზე „ოქროს ბურთი“ გადაეცემათ წლის საუკეთსო ქალ და მამაკაც ფეხბურთელებს. ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო 21-წლამდე მოთამაშე, საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის სახელობის პრიზი), საუკეთესო ბომბარდირი (გერდ მიულერის სახელობის პრიზი), წლის საუკეთესო მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო კლუბები. წელს კი ორი ახალი ნომინაცია დაემატა: წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებსა და ქალებს შორის.