სტაბილურობა საქართველოში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. სტატიას ამ შინაარსით ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ავრცელებს.
პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ ევროპულ ინტეგრაციაში წარმატებას მიაღწია იმ რეფორმების მეშვეობით, რომელმაც მისი დემოკრატია და ინსტიტუციური გამჭვირვალობა გააძლიერა.
გარდა ამისა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო ევროკავშირის რეგიონული ინიციატივების საიმედო პარტნიორია. ის კავკასიაში ძალთა ბალანსის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სადაც მისი სტაბილურობა რუსული გავლენისთვის ბარიერს ქმნის.
გამაოგნებელი კონფრონტაციის ნაცვლად ევროკავშირმა ინტეგრაციის ისეთ მოდელს უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც მშვიდობას, განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს, საქართველოსა და ევროპის სტაბილურობის კონსოლიდაციას მოახდენს.
საქართველოსთან ძლიერი ურთიერთობა რეგიონში ევროკავშირის ყოფნას გააძლიერებს და კავკასიის, როგორც გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე რეგიონის, უსაფრთხოებას გაზრდის, აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, სახალხო სუვერენიტეტი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენებზე აისახა, დემოკრატიული სტაბილურობის ძირითად სვეტს წარმოადგენს. მშვიდობისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგული მთავრობის არჩევით ქართველი ხალხი ამტკიცებს, რომ ის მზადაა იმოძრაოს წინ გარე წნეხის გარეშე.
ამ კონტექსტში ინსტიტუტს თავის სტატიაში განხილული აქვს საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი გარე წყაროებიდან მომდინარეობს, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის აგენტებად“. ეს, კი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვისადმი ერთგულებაზე მიუთითებს“, – აღნიშნულია ტექსტში.