„ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა, ნაიმ ყასემმა პირველ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ გააგრძელებს თავისი წინამორბედის, ჰასან ნასრალას ნაბიჯებს.
„ჩემი გეგმა არის, რომ გავაგრძელო ნასრალას ნაბიჯები ყველა კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საომარ გეგმას. ჩვენ არ ვიბრძვით ვინმეს სახელით ან ვინმეს გეგმისთვის, ჩვენ ვიბრძვით ლიბანისთვის. ირანი მხარს უჭერს ჩვენს გეგმას და არაფერს ითხოვს ჩვენგან“, – განაცხადა ყასემმა.
„ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა ასევე ისაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე უპილოტო საფრენი აპარატით მიტანილ იერიშზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ამჯერად ნეთანიაჰუ გადარჩა, მაგრამ შესაძლოა, ჯერ მისი დრო არ მოსულა“, – განაცხადა ყასემმა.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლისკენ, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში, სანაპირო ქალაქ კესარიაში მდებარეობს. ნეთანიაჰუ შენობაში არ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
ლიბანურმა შიიტურმა მოძრაობამ, „ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი 29 ოქტომბერს დაასახელა. დაჯგუფებამ ახალ ხელმძღვანელად ნაიმ ყასემი გამოაცხადა, რომელიც მანამდე „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო. „ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი მას შემდეგ დაასახელა, რაც გასულ თვეს ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ჰასან ნასრალა მოკლეს.