700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9 %-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.
„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი – 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე 8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9 % საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.