უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგებისა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთკორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში ან შეიცვლება თუ არა აშშ-ის მხარდაჭერა, უკრაინა არ წავა კომპრომისზე საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ან გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება რუსეთს ოკუპაციის მეტ საშუალებას მისცემს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომში გამარჯვების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე საუბრისას ზელენსკიმ უკრაინაზე პოტენციური ზეწოლის გამო შეშფოთება გამოხატა.
„ტრამპმა განაცხადა, რომ ის საქმის კაცია და უბრალოდ სურს ომის სწრაფად დასრულება და რაღაც მოდელის პოვნა, მაგრამ თუ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მოინდომებს უბრალოდ აიძულოს უკრაინა, დათმოს ყველაფერი და ამგვარად შეთანხმდეს რუსეთთან, არ მგონია, რომ დღეს ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად.
„უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში არ აქვს კონსტიტუციური უფლება, უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე, ამიტომ იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსეთის ტერიტორია არ სჭირდებათ“.
„ჩვენ არაფერი არ გვაქვს ოკუპირებული – ჩვენ შევქმენით ბუფერული ზონა, ის, რომლის შექმნაც მათ სურდათ ამ მიმართულებით ჩვენ წინააღმდეგ… ჩვენ არ ვაპირებთ იქ ცხოვრებას, არ ვაპირებთ მათი ტერიტორიების დაპყრობას – ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.