თავიანთი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ. რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თავად ჩადიან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით.
„მთელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის, მათ არცერთი რეალური შენიშვნა არ ჰქონდათ. შემდეგ საიდანღაც ძალადობა გამოხტა და მთავარ კადრში ჩანს, როგორც სცემდნენ ახმეტიდან ჩამოსული მოქალაქეები, ხაბეიშვილის დაცვასთან ერთად ამომრჩევლებს ისნის საარჩევნო უბანზე. ანუ, თვითონ დადგეს და თვითონ ამბობენ, რომ ძალადობრივი იყო საარჩევნო გარემო. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ წინა პერიოდში არავითარი პრობლემა არ იყო, საუბარი იყო ელემენტარულ პრობლემებზე, რაც გაცილებით მეტი იქნება მაგალითად აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში. ყუთების დაწვას და მსგავს ფაქტებს ვაწყდებით მეგობარ ქვეყნებში. ლაპარაკობენ ხმების მოპარვაზე, მტკიცებულებები არ აქვთ და აგერ, ორი სქემით წარმოგიდგინეთ, კონკრეტული ფაქტებით, როგორც იპარავდნენ „ქართული ოცნების“ ხმებს ნაცმოძრაობის კლასტერის წარმომადგენლები. ანუ, თავისი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ. რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თავად ჩადიან – ძალადობას გვაბრალებდნენ, თავად ჩადიოდნენ, ხმების მოპარვას გვაბრალებდნენ და თავიანთი ჩადენილი ორი სქემა დადასტურდა და დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება. რაც კი დაგვაბრალეს, ყველაფერი უკან უბრუნდებათ. საბედნიეროდ ვერაფერი გაგვიყალბეს, იყო მცდელობები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ვერაფერი მოახერხეს. ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, იმიტომ აქვს კონვერტი იმას, მელანი რომ გამოვა, დაიცვას ვიღაცის თვალისგან. თუ ისე შეაცურებ როგორც წესი და რიგია, ის კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული. ბოლომდე ჩავყვებით; გამოძიება უნდათ? გავხსნათ ყველაფერი, როგორც წესი და რიგია თითოეული უბნის დონეზე ვართ მზად, რომ ბოლომდე ჩავყვეთ. თვითონ რომ თავი დაანებონ ამ ყველაფერს, ჩვენ არ მოვეშვებით და ბოლომდე მივყვებით თითოეულ ქეისს, და რასაც ისინი გვაბრალებდნენ იმასაც ბოლომდე მივყვებით წელიც რომ დასჭირდეს. გუშინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა, დაამტკიცონ რომ არ გაუყალბებიათო. რას ჰქვია დაამტკიცო, თავად დაამტკიცოს რომ დავუშვათ ჩრდილოეთ კორეის აგენტი არ არის. ეს რა მიდგომაა, საიდან მოიტანეს? ხალხს როგორ ჰკადრებენ ასეთ რამეს? ეს სტანდარტი სად ნახეს? – ესაა მათი რეალური სახე“, – განაცხადა მდინარაძემ.