ევროპული საბჭო შარლ მიშელის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.