ყველას კარგად გვესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ და რატომ მართავს ამ აქციებს, ვინ იმალება ახალგაზრდების ზურგს უკან, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას, რადგან თავის შვილებსა და შვილიშვილებს პროტესტში არ რთავენ.
„ძალიან სერიოზული ფაქტორია ის, რომ აშშ-ში რაც მოხდა. არჩევნები მოიგო ამერიკელმა ხალხმა და არა ტრამპმა. რეაქცია, რომელიც ჰქონდა ამერიკელ ამომრჩეველს, იმედისმომცემია, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნება. ქართველმა ხალხმაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა, არჩევანი იდგა უბედურებასა და მომავალს შორის. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გაუთავებელი როთიზაციის მცდელობა, როდესაც დღეგამოშვებით ჩამოდის საქართველოში. საკითხავი და საინტერესო ის არის, რა არის ამის მიზანი?! ამის მიზანია ჩვენი ახალგაზრდების გარყვნა, ამის მცდელობას ვხედავთ ჭინკების მეჯლისებზე, პარლამენტის წინ რომ აწყობენ ხოლმე, პერიოდულად ახალგაზრდები იკრიბებიან. ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გამოყენებას ცდილობენ ეს ბოროტი ძალები, არის აქციები, რომელიც დაიწყო დღეს უმაღლეს სასწავლებლებში, ბათუმსა და თბილისში.
კითხვა მარტივია, ეს ახალგაზრდები თუ უკვე იმ ასაკის არიან, რომ თავად იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ხედავდნენ, რომ არჩევნები ყალბდებოდა, 22 დღის განმავლობაში სად იყვნენ, 22 დღის მერე რატომ გაახსენდათ. ყველას კარგად გვესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ და რატომ მართავს ამ აქციებს და ვინ იმალება მათ ზურგს უკან. იმალება გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე – ხელმოცარული პოლიტიკოსები. ჯერ ქალები მიუშვეს პროტესტში, ვუყურებდით, 20-22 ქალი როგორ მოდიოდა ქუჩაში და ცდილობდა იმ ტვირთის საკუთარ მხრებზე აღებას, რაც წესით პოლიტიკოსებმა უნდა ატარონ. ახლა ცდილობენ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გამოყენებას, რადგან თავის შვილებს და შვილიშვილებს პროტესტში არ რთავენ, არც იმ გარყვნილებაში, რასაც როთი ქადაგებს და რომელსაც ხაზარაძე, ჯაფარიძები და გვარამიები უმაგრებენ ზურგს, უნდათ, ჩვენი შვილების მეშვეობით მიაღწიონ იმას, რაც მათი ოცნებაა. პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და დავფიქრდეთ, რა საფრთხე ემუქრებათ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.