რუსმა ოკუპანტებმა მაქსიმოვკა აიღეს და თითქმის ათ დასახლებულ პუნქტში დაწინაურდნენ, – წერს უკრაინული მონიტორინგული პროექტი DeepState „ტელეგრამში“.
რუსული ძალები ცდილობდნენ, უკრაინის პოზიციებისთვის ხარკოვის მიმართულებით – ვოლჩანსკთან და ვისოკა იარუგასთან შეეტიათ.
„მტერს ოკუპირებული აქვს მაქსიმოვკა, ასევე ისინი დაწინაურდნენ ბერესტოვოსთან, კლიშჩიივკასთან, ანდრეევკასთან, ნოვოალექსეევკასთან, ნოვოსელიდოვკასთან, ელიზავეტოვკასთან, რივნოპილთან, სოტნიცკი კაზაჩოკთან, ახალ ილიინცესთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში 157 სამხედრო შეტაკება მოხდა. ყველაზე მეტი შეტაკება პოკროვსკის და კურახოვსკის მიმართულებებით დაფიქსირდა.
რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთი სარაკეტო და 42 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. გამოყენებული იყო 689 კამიკაძე-დრონი. ასევე განხორციელდა 3800-ზე მეტი სროლა დასახლებული პუნქტებისა და უკრაინული ჯარების მიმართულებით.