ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა, – ამის შესახებ ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ვარჰეის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააუქმოს საკამათო კანონები და იმუშაოს იმ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ გასცა.
„ევროპულმა საბჭომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა საქართველოს მთავრობის შემდგომმა მოქმედებებმა 2024 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 2023 წელს არ იყო გამყარებული ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ვალდებულებით, გაეტარებინათ აუცილებელი რეფორმები ქვეყნის წინსვლისთვის. მნიშვნელოვანმა უარყოფითმა მოვლენებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ და სხვა კანონებმა, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს აზიანებს, ასევე საქართველოს თანამდებობის პირთა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკამ, არსებითად დააზიანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. საქართველომ მცირე პროგრესი განიცადა ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში და გარკვეულ ნაბიჯებზე უკანაც დაიხია. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ამასთან, ევროკომისრის განცხადებით, საქართველოში საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის გატარება.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეცვალოს კურსი. კერძოდ, ჩვენ მოველით, რომ საქართველო გააუქმებს იმ საკამათო კანონებს, რომლებიც აზიანებს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და მნიშვნელოვან ძალისხმევას გაიღებს ცხრა ნაბიჯის მისაღებად, რომლებიც კვლავაც ძალაშია. 2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო/ოდირის მეთაურობით შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც მოხდა მაღალი დაძაბულობისა და პოლარიზაციის გარემოში. ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო გამოკვეთილია წინა ძირითად რეკომენდაციებში. ჩვენი მხრიდან, კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა“, – განაცხადა ვარჰეიმ.