ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძემ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა.
მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობაზე კლიმატური გავლენის საზომი სისტემის შექმნაზე, გავლენის შემსუბუქებასა და ადაპტაციის ინსტრუმენტების დანერგვაზე.
„ჯანდაცვის სამინისტრო არის წამყვანი უწყება მრავალვექტორული გეგმის განხორციელებაში, რომელიც ეხება თბური ტალღების მართვას, რაც გასულ წელს, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს გეგმა მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, საზოგადოების ინფორმირებას თბური ტალღებისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების საშუალებით, ჩვენ შევძელით კლიმატისა და ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებისა და ანალიტიკისმიმართულებების განვითარება. აღნიშნული მონაცემები, მომავალში, ჯანდაცვის სექტორში კლიმატური ცვლილებების საკითხებზე ჩვენი პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის, სამმხრივ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტებს წარმომადგენლებმა, კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, მწვანე სამუშაოებში ინვესტირებასა და ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ, განვითარებადი ინდუსტრიის მოთხოვნების საპასუხოდ, აუცილებელია სამუშაო ძალის საჭირო უნარებით აღჭურვა/გადამზადება.
„ჩვენი საერთო გამოწვევაა, შევქმნათ მდგრადი მომავალი, რომელიც არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას ებრძვის, არამედ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის.
მწვანე სამუშაოები არის ღირსეული სამუშაოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის საქმეში. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოქალაქეების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, დასაქმების ხელშეწყობაა. დასაქმების სერვისები მოიცავს პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) პროგრამებს, ასევე დასაქმების მაძიებლებს ვეხმარებით სამუშაოს შერჩევაში, ჩვენი ციფრული პლატფორმა „Worknet“-ის მეშვეობით. დამატებით, ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რათა ეს სერვისები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მწვანე სამუშაოებისთვის საჭირო უნარების გამოვლენა და მხარდაჭერა, რაც დაგვეხმარება დავაკავშიროთ შრომის ბაზრის მოთხოვნები და სამუშაო ძალის შესაძლებლობები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მაღალი დონის შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემონაწილეობს.