უკრაინელების 52% რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გამართვა სურს. სოციოლოგიურ კვლევას კომპანია Gallup-ი აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ომის დასრულების მსურველთა რაოდენობა 22% შეადგენდა, 2023 წელს – 27%. 2022 წელს უკრაინის მოსახლეობის 73% ამბობდა, რომ ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო, 2023 წელს ასე ადამიანების 63% ფიქრობდა.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ომის დასრულებას და მოლაპარაკებების გამართვას უფრო უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობა ემხრობა, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. ასეთი ვითარება იყო, როგორც 2022, ისე 2024 წელს.
კითხვაზე „ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ უკრაინა უნდა იყოს ღია ტერიტორიული კონსენსუსისთვის, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულების და ომის დასრულების მოლაპარაკებების ნაწილი?“, მოსახლეობის 52% დადებითი პასუხი გასცა, 38% – უარყოფითი, ხოლო 10% თქვა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
გამოკითხვის თანახმად, 2022 წელს უკრაინელების 92% ამბობდა, რომ რუსეთთან ომში გამარჯვებად ჩაითვლებოდა ის გარემოება, როცა უკრაინა 2014 წლიდან დაკარგულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს დაიბრუნებდა. 2023 წელს ასეთი ადამიანების რიცხვი 93%-მდე გაიზარდა, ხოლო წელს – 81%-მდე შემცირდა.
უკრაინელების 70% ფიქრობს, რომ ევროკავშირს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, 63% ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთს, 54% – აშშ-ს კამალა ჰარისის პრეზიდენტობის პირობებში, 49% – აშშ-ს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ხოლო 43% – თურქეთს.