გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის კანცლერის თანამდებობისთვის „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ არ იბრძოლებს. ინფორმაციას გერმანული Spiegel-ი ავრცელებს.
როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, მან უკვე ჩააყენა საკუთარი პარტია საქმის კურსში. „ჩვენ გვყავს გამორჩეული ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცის სახით, რომელიც ჭკუისა და კეთილგონიერების განსახიერებაა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში“, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შოლცის სასარგებლოდ აგიტაციას დაიწყებს, ხოლო დისკუსიები მომავალი კანცლერის შესახებ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ ზიანს აყენებს.
ცნობისთვის, გერმანიაში 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.