პოლონელი ფერმერები „მედიკა-შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს, ფერმერების პროტესტი რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია, მათ შორის შეუსრულებელმა დაპირებამ, რომ მიმდინარე წელსაც სასოფლო-სამეურნეო გადასახადი 2023 წლის დონეზე შენარჩუნდებოდა.
ასევე ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირისა და მერკოსურის ქვეყნებს შორის (ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ფერმერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს.
„გვსურს, ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რათა ეს შეთანხმება არ შედგეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მედიის ცნობით, ფერმერებმა გადაკეტეს გზა და არ ატარებენ უკრაინიდან მომავალ სატვირთო მანქანებს. პოლონეთიდან უკრაინისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები კი მხოლოდ საათში ერთხელ გადის. ორივე მიმართულებით თავისუფლად მოძრაობენ მსუბუქი ავტომობილები, ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარების მანქანები.
საპროტესტო აქცია დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო და, არსებული ინფორმაციით, 48 საათი გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გახანგრძლივდეს.