რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით,საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობს და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ვერცერთ მათგანი ვერ მოაგროვებს პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას.
პირველი ტურის ფავორიტია რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუა (25%). მისი მთავარი მეტოქეა ულტრამემარჯვენე „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი.
სიმიონის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა რუმინეთში რეკორდული ინფლაციის ფონზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯორჯე სიმიონმა არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. 2022 წელს და შემდგომაც იგი არაერთხელ მოიხსენიებდა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავედ, თუმცა ამავდროულად სიმიონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. მას ასევე ადანაშაულებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში, რაზეც სიმიონი პასუხობს, რომ ის „რუმინეთის ყველაზე რუსოფობიური პარტიის“ ლიდერია. რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ასევე ცნობილია თავისი ევროსკეპტიციზმითა და ჰომოფობიური განცხადებებით. სიმიონი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა. ოფიციალურმა კიშინიოვმა მას რამდენჯერმე აუკრძალა ქვეყანაში ჩასვლა.
პირველ დეკემბერს რუმინეთში ასევე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს, საჭიროების შემთხვევაში – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.