მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისთვის აუცილებელია რეგიონებში გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის, შესაბამისი ინვენტარისა და ეკიპირების არსებობა, სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით კახეთის რეგიონს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად იგი რეგიონის სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, შეხვდა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს.
შალვა გოგოლაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან მოისმინა, რა სჭირდება დღეს კახეთის რეგიონში სპორტის განვითარებას. იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
პრობლემების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმა ახალი პროექტებიც. შალვა გოგოლაძის განცხადებით, კახეთში მოქმედი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ. აღინიშნა, რომ რეგიონებში სამუშაო ვიზიტები კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება.