თანამედროვე ორჯონიკიძეების დეპეშა ბრიუსელს. დღემდე მეგონა, რომ სერგო ორჯონიკიძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა იყო საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში, უკანასკნელ მოღალატედ შემორჩებოდა მატიანეს და აღარავინ მოისურვებდა მისი საქმის გაგრძელებას“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები მან გადაცემის დასაწყისში, მონოლოგში მიმოიხილა. ირაკლი ჩიხლაძის შეფასებით, ღალატის ქრონიკა გასაკვირი არ არის, ქვეყანას შიდა თუ გარე მტერი არასოდეს დაელევა, მაგრამ იყო სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკური მემკვიდრე, ტრაგედიაა.
„რა პარალელის გავლება შეგვიძლია საქართველოს რუსული საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, 1921 წლის 25 თებერვლის ცნობილი დეპეშის ავტორის ქმედებებსა და 2024 წლის ნოემბრის პროცესებს შორის?
მაშინ, სერგო ორჯონიკიძემ რომლისთვისაც ბოლშევიკური საბჭოთა იდეოლოგია უფრო მეტი იყო ვიდრე სამშობლო – მოსკოვს ბაქოდან უპატაკა, გაგზავნა ყველაზე ცნობილი დეპეშა – „თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო’’.
თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებმა -კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ კი თბილისიდან ბრიუსელში აფრინეს საიდუმლო დეპეშა – წაგებულები და ხალხზე გაბრაზებულები ევროპელ ბიუროკრატებს სთხოვენ, ოფიციალურ თბილისთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის ფორმატები ყველა დონეზე შეჩერდეს, საარჩევნო დარღვევები ევროკავშირმა გამოიძიოს, შეწყდეს ფინანსური დახმარების პროგრამები და ამ პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხები სამოქალაქო სექტორსა და მედიას მოხმარდეს.
გავამარტივოთ და გადმოვთარგმნოთ მოღალატეობრივი სურვილები არადიპლომატიურ ენაზე – რადიკალები ევროპელ ბიუროკრატებს სთხოვენ, შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, რადგან სხვაგვარად ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ მოვახერხებთ და რევოლუციას ვერ მოვახდენთო, ამიტომ საზოგადოებრივი პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსების მიზნობრიობა შეცვალეთ, ფული ჩვენ მოგვეცით და მოაქციეთ „ოცნება“ სრულ იზოლაციაში თავის მხარდამჭერებთან ერთადო – მოახდინეთ თავისუფალი საქართველოს ოკუპაცია იდეოლოგიურად და მორალურად, გააძლიერეთ შანტაჟის პოლიტიკა.
რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, რასაც გავწვდებით ჩვენ, რიგითი სერგო ორჯონიკიძეები ავრევთ და ჩამოვანგრევთ – ყოველ შემთხვევაში ქაოსის იმიტაციას მაინც გავაგრძელებთო.
საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო – არც მოსკოვს და არც ბრიუსელს არ ეკითხება ამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვინ დაგვიქნევს თითს – პარტნიორობა და თანასწორობა ტყვიაზე ან მოღალატეობრივ დეპეშებზე არ გადის.
რადიკალების სამარცხვინო ფურცელი ისტორიას დარჩება, ევროკავშირს კი, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა ბრიუსელიდან, „ქართული ოცნების“ გარდა არჩევანი არ აქვს – პოლიტიკურ მოედანზე მხოლოდ მმართველი პარტიაა. რა თქმა უნდა, ლაპარაკს აზრი აქვს პატრიოტებთან და არა მოღალატეებთან და ამაში ადრე თუ გვიან ბრიუსელშიც დარწმუნდებიან“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.