საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი თბილისში ფინეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 81:64 მოიგო.
თბილისი არენაზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მატჩი 50 წუთით გადაიდო, პრობლემა ჰქონდა დარბაზში დამონტაჟებულ ტაბლოს.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი მეოთხედი ფინეთმა 21:17 მოიგო. ტრადიციულად, ფინელები ქულების აღებას პერიმეტრიდან ცდილობდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ყველაზე აქტიურები ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი და კაპიტანი თორნიკე შენგელია იყვნენ, მათი კარგი თამაშის წყალობით ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეორე მეოთხედის ბოლოს წინაც გავიდა, თუმცა ტაიმი მაინც ფინეთის გამარჯვებით დასრულდა – 40:38
მესამე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები შეტევაში უფრო სწრაფად გადადიოდნენ, ხოლო დაცვაში მეტოქე გუნდის მოთამაშეებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვითი მოქმედებების დროს გამორჩეული იყო ბოლდუინი, მეტ სროლას იღებდა დუდა სანაძე, ხოლო ფარის ქვეშიდან ქულების დაგროვებას თორნიკე შენგელია ცდილობდა.
მეოთხედის ბოლოს საქართველოს ნაკრების 4-ქულიან გაქცევას სათავე რატი ანდრონიკაშვილმა დაუდო, მან ორჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ჩვენი გუნდის შეტევები ზუსტი ტყორცნებით დასრულდა. საბოლოოდ, მეოთხედი საქართველომ 17:13 მოიგო