მსოფლიო ლიდერები მიესალმებიან ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.
„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან გამამხნევებელი ამბავია. პირველ რიგში, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ბრძოლების შედეგად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შეთანხმებას „დიდი ხნის დაგვიანებული უწოდა“ და თქვა, რომ ეს გარკვეულ შვებას მოუტანს მშვიდობიან მოსახლეობას ლიბანსა და ჩრდილოეთ ისრაელში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ოთხშაბათს ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.
„დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხვალ [ოთხშაბათს] ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვარზე ბრძოლები შეწყდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.