ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არის ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი და მისი დამსახურებაა ის, რომ ფისკალური მდგრადობის კუთხით ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მთლიანად ეკონომიკურ გუნდთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით, რაც ასევე ლაშა ხუციშვილის დამსახურებაა.
„ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საგარეო ვალი და ა.შ. ყველა ეს მაჩვენებელი არის დადგენილი ზღვრის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინდექსების მიერ. ესეც არის ჩვენი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.