“ქართული ოცნების” წევრი, დავით მათიკაშვილი “ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„მთლიანობაში ანგარიში არის პოზიტიური. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ჭრილში. არის კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები ამ ანგარიშშიც მითითებული, რომელიც არახალია, რადგან ზოგადად რეკომენდაციები წინა ანგარიშებშიც იყო მითითებული და შესრულება ხორციელდება. არის კონკრეტული საკითხები, რაზეც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან ქართული მხარის პოზიცია, ის კანონები, რომელიც იქნა მიღებული ჩვენ მიერ – გამჭვირვალობასა და ოჯახურ ღირებულებაზე მინიშნებით, ეს არის ის ფუნდამენტური საკანონმდებლო სივრცე, საიდანაც უკან დახევას, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო არ აპირებს. სწორედ ამ ღირებულებებით, ღირსებით, ქართული ტრადიციებით და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის ურყევი გზა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ზოგადად ასეთ საკითხებთან მიმართებით ევროკავშირიც, იქაური კონკრეტული ჩინოვნიკებიც, მეტად გაანალიზებენ არსებულ მოცემულობას, ქართველი ხალხის სწრაფვას, სახელმწიფოს მზაობას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად „ქართული ოცნების“ მხრიდან არის გადადგმული და არ იქნება რაიმე ფორმით ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც პირველ რიგში იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის ძალიან დამაზიანებელი. ასეთი გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ არ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ: “საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია.” ამასთან აღნიშნულია, რომ: “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.” ევროკომისიის ანგარიშში, ასევე, ჩამოთვლილია ის მითითებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.