საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბლინკენის მორიგ განცხადებას, რომელიც სანქციების საკითხს შეეხებოდა, კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა უწოდა. მისი თქმით, ყველა უნდა ეცადოს, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ვეთანხმები ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას, რომ უნდა შეწყვიტონ მათ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მით უმეტეს ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შესწირონ ამ საშინელ ომს. ვუერთდებით ამ განწყობას და პათოსს. გვახსოვს, ბატონი ბლინკენისგახმოვანებით წინა წლებში, თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებზე და მსგავს საკითხებზე, სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როცა ასე ჰაერიდან მოიტან და აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებია, რომლებიც აქეზებს ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში. ჩვენ გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ კაცს კაცი და ქალს ქალი არ დაუძახონ, ასეთ ხალხთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება.
ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას. როცა ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, შევახსენებ, რომ მოძალადედ როცა მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და განცხადებები ახალისებს მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების მიერ ძალადობის ორგანიზებას. კარგად ვნახეთ, ეს ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან. ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი განცხადების ყველა ავტორმა. ისიც უნდა გაითავისონ, რომ არა მხოლოდ წახალისება, ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არ არიან, ძალადობის ინიციატორებიც არიან. მინდა, მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება, რაღაცას აპროტესტებდეს, დიდი ბოდიში, მაგრამ ისინი მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს. ეს არ არის ჩემი ტერმინი. ნუ გამოაყენებინებთ თავს. ნუ გახდებით იმ ძალადობრივი ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლები, რომლის მიხედვითაც, ისინი გაჯერებენ, რომ გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში, გაჯერებენ, რომ 300-დან 400 ათასამდე ხმა გაყალბდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.