მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ყველანაირი სქემა, ხოლო კრიზისის დარეგულირებაში ნატო-ს როლზე საუბარიც კი შეუძლებელია. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
„რუსეთისთვის მიუღებელია კონფლიქტის გაყინვის ყველანაირი სქემა. მინსკის შეთანხმებების მაგალითზე ჩვენ სავსებით დავრწმუნდით, რომ დასავლეთის და, მით უმეტეს, კიევის ხუნტის ნდობა არ შეიძლება. კარგად გვესმის, რომ ამის მიზანია კიევის რეჟიმისთვის ბრძოლის ველზე ასე საჭირო შესვენების მიცემა, რათა მან გადაიარაღება და ჭრილობების მოშუშება შეძლოს. შეუძლებელია საუბარი უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში ნატო-ს რამე როლზე“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ვასილი ნებენზიას თქმით, უკრაინის კრიზისის დასასრულებლად მოსკოვის პირობები გასაგები და ლოგიკურია, ვერანაირი სუროგატული ფორმულები რუსეთისთვის საფრთხეს ვერ აღმოფხვრის. ნებენზიას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის „ფსევდოსამშვიდობო ინიციატივები“, შეიძლება, მხოლოდ საფარველი იყოს მორიგი ესკალაციისთვის.
