უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაგმო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია კონსერვატიული, პატრიოტული მთავრობების მიმართ სანქციების გამოყენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, ეს არის თავდასხმა ეროვნულ სუვერენიტეტზე“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები „მოკავშირეებისთვის უღირსია“.
„აშშ-ის წარუმატებელი ადმინისტრაციის პოლიტიკური შურისძიება დგას „პაკშის“ [ბირთვული ელექტროსადგური უნგრეთში] ბირთვული პროგრამის გაფართოების შეფერხების უკან, კერძოდ, „გაზპრომბანკის“ სანქციებისგან გათავისუფლებაზე უარის თქმით. უნგრეთის ენერგომომარაგება უსაფრთხოა და ასე დარჩება ჩვენი მთავრობის პირობებში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-მა გამონაკლისი დაუშვა გაზის შეძენასთან დაკავშირებით გადახდებზე, „პაკშთან“ დაკავშირებული ტრანზაქციები კვლავ დაბლოკილია.
სიიარტომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯს უწოდა „უხეში პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
„არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს ენერგეტიკულ პოლიტიკაში, ისევე როგორც ჩვენ არ ვერევით სხვების პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.
მან გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაუმჯობესდება.