თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ ქურთი მებრძოლებისთვის სირიის მომავალში ადგილი არ არის. ეს განცხადება ფიდანმა დამასკოში სირიის დე-ფაქტო ლიდერთან, აჰმედ ალ შარაასთან, იგივე მუჰამედ ალ-ჯულანისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სირიელ ქურთთა დაჯგუფებას „სახალხო თავდაცვის შენაერთებს“ თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ნაწილად განიხილავს, რომელსაც ოფიციალური ანკარა, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.
ჰაკან ფიდანი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, რომელიც დამასკოში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ჩავიდა. აჰმედ ალ-შარაასთან ერთობლივ ბრიფინგზე ფიდანმა განაცხადა, რომ სირიის ახალ ადმინისტრაციასთან სირიელი ქურთების საკითხი განიხილა და იმედი გამოთქვა, რომ დამასკო ზომებს მიმართავს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. თურქი დიპლომატის თქმით, დაჯგუფება „სირიის სახალხო შენაერთები“ უნდა დაიშალოს.
„უახლოეს პერიოდში „სირიის სახალხო შენაერთები“ უნდა მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც სირიის ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ“, – განაცხადა ფიდანმა.
ჰაკან ფიდანის ვიზიტი დამასკოში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიელ მებრძოლებსა და სირიელ ქურთებს შორის საბრძოლო მოქმედებების ფონზე შესრულდა. სირიელი ქურთები აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ მხარდაჭერით მოქმედებენ.
„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში. ფიდანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება თვალს ხუჭავს სირიაში „სირიის დემოკრატიული ძალებისა“ და „სახალხო თავდაცვის რაზმების“ უკანონო ქმედებებზე, თუმცა აღნიშნა, რომ მას სჯერა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომა ექნება.