აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფედერალურ ციხეებში მყოფ 37 სიკვდილმისჯილ პატიმარს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. ამგვარად აშშ-ის ფედერალურ ციხეებში მხოლოდ სამი სიკვდილმისჯილი პატიმარი დარჩება.
„დღეს მე ვუცვლი განაჩენს ფედერალურ ციხეებში 40 სიკვდილმისჯილი პირიდან 37-ს სამუდამო პატიმრობით შეწყალების შესაძლებლობის გარეშე“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ პრეზიდენტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა სასიკვდილო განაჩენი არ შეუმსუბუქა სამ პირს, რომლებიც მასობრივი სროლისთვის ან ტერორიზმისთვის არიან გასამართლებული. კერძოდ, 2013 წელს ბოსტონის მარათონზე თავდამსხმელ ჯოხარ ცარნაევს; 2015 ჩარლსტოუნის ეკლესიაში თავდასხმის შემსრულებელს, ნაციონალისტ დაილან რუფის და პიტსბურგის სინაგოგაში 2018 წელს 11 ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რობერტ ბოუერსის.
იმ 37 პატიმარს შორის, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტმა სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, უმეტესობა მსჯავრდებულია ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებულ მკვლელობებისთვის, ციხის პერსონალის ან სხვა პატიმრების მკვლელობებისთვის.
„ვგმობ ამ მკვლელობებს, ვგლოვობ ამ საშინელი ქმედებების მსხვერპლს და ვიზიარებ ყველა ოჯახის ტკივილს, რომელმაც განიცადა წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი დანაკარგი. თუმცა ვხელმძღვანელობ რა სინდისით და ჩემი, როგორც სახელმწიფო დამცველის, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად პრეზიდენტის გამოცდილებით, მე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე. სუფთა სინდისით, მე არ შემიძლია, ვიდგე განზე და ნება დავრთო ახალ ადმინისტრაციას, აღადგინოს სიკვდილით დასჯა, რომელიც მე შევაჩერე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ჯო ბაიდენი 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ემხრობოდა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის გაუქმებას და პრეზიდენტობის პირველ ვადაზე ფედერალურ ციხეებში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი დააწესა.
„სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის“ მონაცემებით, სასჯელაღსრულების ფედერალური სისტემის მიღმა, აშშ-ში ორი ათასზე მეტი სიკვდილმისჯილია, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ცალკეული შტატების სასამართლოებმა გამოუტანეს. პრეზიდენტს შტატების დონეზე განაჩენის შემსუბუქების უფლებამოსილება არ აქვს.