მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, არავინ უნდა გამოიყენოს შანტაჟის საშუალებად.
„ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.
სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს- მოლაპარაკებების გახსნა- არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი – ბნელში (ბორელის განცხადება.) ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად.
მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება მოსახლეობის პრიორიტეტების გამოძახილია – მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი! სწორედ ამიტომ გვენდო საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ და გვანდო ამ ქვეყნის ბედი. ამ ნდობას ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და არავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევანი. არჩევნები შედგა და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა- 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.
ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია ცესკო არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო. რასაკვირველია, არის შენიშვნები და ხარვეზები, როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს. აბულინგებენ ყველას- მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია.
მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით.
მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა კალაძემ.