დანიის მთავრობამ გრენლანდიისთვის თავდაცვითი ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
როგორც BBC-ი აღნიშნავს, დანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუნძულის შეძენის სურვილი გამოთქვა.
დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, დანიის მთავრობა გეგმავს, დამატებით, სულ მცირე, 1.5 მილიარდი დოლარი დახარჯოს გრენლანდიის თავდაცვისთვის.
დამატებითი თანხა დაიხარჯება ორი ახალი საპატრულო გემის, ორი შორ მანძილზე მოქმედი დრონის შესაძენად, ასევე გრენლანდიაში არქტიკული სარდლობის პერსონალის გაფართოებას და კუნძულის სამი ძირითადი სამოქალაქო აეროპორტიდან ერთ-ერთის განახლებაზე, რათა მან შეძლოს უახლესი F-35 ტიპის გამანადგურებლის მიღება.
ამასთან, დანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა „ბედის ირონია“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება თითქმის დაემთხვა ტრამპის სკანდალურ განცხადებას.
23 დეკემბერს, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ კუნძული არ იყიდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეროვნული უსაფრთხოებისა და მთელ მსოფლიოში თავისუფლების მიზნებისთვის, აშშ მიიჩნევს, რომ გრენლანდიის საკუთრებაში ქონა აუცილებლობაა“.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია 1814 წელს დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.