სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შედეგ უკანსკნელ 15 დღეში 25 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა, რომელიც მანამდე თურქეთს აფარებდა თავს, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ თურქულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
მისი თქმით, თურქეთის პოლიტიკა სირიელ მიგრანტებთან მიმართებაში 2011 წლიდან ყოველთვის იყო „ჰუმანური და კეთილსინდისიერი“. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში უამრავი ადამიანი ბრუნდება, თურქეთში სირიელების დიდი რაოდენობა მაინც რჩება.
„4 მილიონ 164 ათას 472 ადამიანი – ეს უცხოელების რაოდენობაა, რომლებსაც დღესდღეობით თურქეთში ცხოვრების კანონიერი უფლება აქვთ. მათგან 2 მილიონ 920 ათას 119 სირიელია, რომელიც დროებითი დაცვის ქვეშ არის. 1 მილიონ 47 ათას 921 – უცხოელები ბინადრობის მოწმობით. 196 ათას 432 ადამიანი კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ არის“, – თქვა ერლიკაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში დროებით დაცვის სტატუსით მცხოვრები სირიელებიდან 875 ათასი ბავშვია. ისინიც ბრუნდებიან სამშობლოში.