ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 50-ზე მეტი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ჯაბალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის უპილოტო აპარატმა ქალაქ ღაზაში ორგანიზაცია „პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის“ ცენტრი დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ეს ჯგუფი პასუხისმგებელია საგანგებო სამსახურებზე და სამაშველო ოპერაციებზე მთელს ღაზის სექტორში.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები თავს დაესხნენ ალ-ავდას და კამალ ადვანის საავადმყოფოებს. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ტულკარემში სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. „ისრაელის თავდაცვის ძალებში“ აცხადებენ, რომ სამიზნე შეიარაღებული ადამიანები იყვნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის ქალაქ შათის ბანაკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის გვერდით განთავსებულ „ჰამასის“ სარაკეტო გამშვები ისრაელის ავიაგამანადგურებელმა დაბომბა.