ორშაბათს 23 დეკემბერს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ოდესის ოლქიდან სამხედრო ასაკის 6 მამაკაცის მოლდოვაში უკანონოდ გაყვანის მცდელობა აღკვეთეს.
ეჭვმიტანილებს, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ, უკრაინა-მოლდოვას საზღვართან მდებარე ქალაქ როზდილნასთან, ტექნიკური საშუალებებისა და სასამსახურო ძაღლების დახმარებით მიაგნეს.
ისინი საზღვრის დნესტრისპირეთის მონაკვეთის გადაკვეთას ორგანიზატორის მითითებების შესაბამისად ცდილობდნენ, რომელიც ამ მიზნით „ტელეგრამ-არხს“ იყენებდა. სწორედ ორგანიზატორი მართავდა დისტანციურად „უსაფრთხო“ მარშრუტზე მათ გადაადგილებას.
ხელისუფლების განცხადებით, თუ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა წარმატებით დასრულდებოდა, ორგანიზატორს თითოეული პირისგან საბანკო ბარათზე 5000-დან 10 000 დოლარამდე ოდენობის თანხა ჩაერიცხებოდა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ექვსივე ეჭვმიტანილი დაკავებულია და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.