რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი გააჩნია.
„სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე მეტად მისი ტრაგედია იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჯერებს ლიდერობას, სინამდვილეში ინსტრუმენტია აგენტურის ხელში. ზურაბიშვილი საქართველოში ამ მოღალატეობრივ ქმედებებს თუ გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს ისიც და რადიკალური ოპოზიციაც.
სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები სალომე ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ექვსი წლის წინ. ისინი ამოფარებული არიან სალომე ზურაბიშვილს და ცდილობენ, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, რათა ამაზე საკუთარი ხეირი ნახონ. ესენი არიან გიენები, რომლებიც ცდილობენ, სხვები გაიყვანონ წინა ფლანგზე, რათა მათ ნადავლს დაეპატრონონ. ეს მათ მორალურ სახეს აჩვენებს. ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ეცადონ, არაფრის რესურსი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.