აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი მისი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ფრენები რუსეთის კიდევ სამ ქალაქში შეაჩერა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ფრენები შეჩერებულია ბაქოდან ვლადიკავკაზში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სარატოვში. მანამდე ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხვალიდან ფრენები უქმდება ბაქოდან სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარის და მინვოდის მიმართულებით.
Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.
თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავს ჩიტები შეეჯახნენ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, თუმცა შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ თვითმფრინავი რუსების მიერ ნასროლმა „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტამ დააზიანა, რამაც მისი ჩამოვარდნა განაპირობა.
