უკრაინამ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება შეანელა, – წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
„კიევს რაკეტების მარაგი ეწურება. მას ასევე შეიძლება დრო ეწურებოდეს: არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის შიგნით აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების [გამოყენების] დაშვება დიდი შეცდომა იყო“, – ნათქვამია სტატიაში.
ნატოს მაღალჩინოსნების თქმით, აქამდე რაკეტები შეზღუდული მასშტაბით ეფექტური იყო, მაგრამ ომის ტრაექტორია ვერ შეცვალეს.
გამოცემა The New York Times-თან საუბარში ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათი აზრით, რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს სამხედრო ოპერაციების ესკალაცია უკრაინაში, განსაკუთრებით ტრამპის არჩევის შემდეგ.
ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინამ შეამცირა სარაკეტო დარტყმების რაოდენობა, რადგან თავდაპირველად სამიზნეები იყო რუსული ობიექტები, ხოლო ახლა, როდესაც ბევრი რაკეტა აღარ დარჩა, უკრაინა ინახავს მათ მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის.