გერმანულმა გაზეთმა Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა ილონ მასკის სტატია, რომელშიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეაფასა, როგორც „იმედის ბოლო ნაპერწკალი“ გერმანიისთვის.
ილონ მასკის თქმით, გერმანია ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზეა და მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანია გადაარჩინოს.
მასკი ამტკიცებს, რომ გერმანიაში მის მიერ განხორციელებული „მნიშვნელოვანი ინვესტიციები“ მას უფლებას აძლევს ისაუბროს ევროპის უდიდეს ეკონომიკაზე.
„გერმანიაში ტრადიციულმა პარტიებმა მარცხი განიცადეს. AfD, მიუხედავად იმისა, რომ მას მოიხსენიებენ, როგორც ულტრამემარჯვენე პარტიას, წარმოადგენს პოლიტიკურ რეალიზმს, რომელიც დადებით გამოხმაურებას იწვევს ბევრ გერმანელში, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი შეშფოთება უგულებელყოფილია ისტებლიშმენტის მიერ“, – წერს ილონ მასკი თავის სტატიაში.
„AfD-ის ულტრამემარჯვენეებად წარმოჩენა აშკარად მცდარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტიის ლიდერს, ალისა ვაიდელს ჰყავს ერთნაირსქესიანი პარტნიორი შრი-ლანკადან! ეს ჰიტლერს გაგონებთ?“ – აღნიშნავს ილონ მასკი.
