ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სასამართლოზე ზემოქმედებისა და ზეწოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.
„ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა სამართლიანობის აღდგენის, წართმეული ქონების უკან დაბრუნების იმ კომპეტენციის ფარგლებში, რა კომპეტენციაც მე მქონდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მედიაციის გაწევა შეეძლო და ვწყვეტდით ამ საკითხებს. თუ საკითხი სცდება სახელმწიფო სტრუქტურებს და ორ კერძო სუბიექტს შორის დავა გადასულია სასამართლოში, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ნამდვილად არ შემიძლია, ამაზე დამატებითი კომენტარი გავაკეთო“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო იყო ერთ მხარეს და მეორე მხარეს – კერძო სუბიექტი, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, სწორი დასკვნები გაეკეთებინა და სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
„ორ სუბიექტს შორის დავა საკუთრებაზე ეს არის დავა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.